თბილისის მერია სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შემოწმებას გეგმავს

თბილისის მერია სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმებას გეგმავს.

კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმების მიზნით აუდიტორული მომსახურების შესყიდვის მიზნით ოთხი ტენდერია გამოცხადებული. როგორც ორ ტენდერშია აღნიშნული, საუბარია, 19-19 ობიექტზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 22 312 და 17 923 ლარია.

მე-3 ტენდერის თანახმად, დაგეგმილია 24 ობიექტის შემოწმება. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 036 ლარია. კიდევ ერთი, მე-4 ტენდერის თანახმად კი 14 ობიექტის ბალანსების შემოწმების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 187 ლარია.

„აუდიტორული მომსახურება მოიცავს: თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული თითოეული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-იების 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების - წლიური ბალანსების (დანართებით) აუდიტორულ შემოწმებას. შესაბამისი აუდიტორული დასკვნების, ანგარიშგებისა და რეკომენდაციების (დანართი N1-ით განსაზღვრულ თითოეულ ორგანიზაციაზე) გამოცემას. მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; შესამოწმებელი ობიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის აუდიტის განხორციელების პროცესში რეკომენდაციების მიცემას, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; პირობითი ან უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, შესამოწმებლი ობიექტის მიერ 2017 წლის ფინანსური ანგარიშების გასწორების დეტალურ რეკომენდაციებს, 2017 წლის 1 იანვრისათვის არსებული საწყისი ნაშთების გათვალისწინებით.

შესამოწმებელი ობიექტის 2017 წლის აუდიტის შედეგების შედარებას 2016 წლის აუდიტის დასკვნაში ასახულ შედეგებთან, მათ შორის დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებასა და გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებასთან მიმართებაში და შედარებით ანალიზს როგორც გაუმჯობესების, ასევე გაუარესების თვალსაზრისით; აუდიტორული შემოწმების დასრულებისთანავე აუდიტის დასკვნის ერთი ეგზემპლარის ჩაბარებას აუდიტის ობიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის, რომელშიც ასახული იქნება შემოწმებული და გასწორებული ფინანსური ანგარიშები, აგრეთვე რეკომენდაციები აუდიტის ობიექტის მენეჯმენტის საყურადღებოდ. ხოლო, მეორე ეგზემპლარის, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურისთვის ჩაბარებას,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, თითოეული ტენდერის შემთხვევაში წინადადებების მიღება 29 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბერია განსაზღვრული.