საქართველო წელს პირველად ევროპის უმსხვილეს ღვინის გამოფენაში EXPOVINA-ში მიიღებს მონაწილეობას

1-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ევროპის უმსხვილესი ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ წელს EXPOVINA-ს ისტორიაში პირველად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღოს მონაწილეობა ღვინის ყველაზე პოპულარულ გამოფენაში.

ყოველწლიურად გამოფენას 65,000-მდე ღვინის იმპორტიორი ესწრება და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით, 4 000 ღვინოა წარმოდგენილი.

EXPOVINA-ში ქართული ღვინის წარმოდგენა საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

EXPOVINA ყოველწლიური ღვინის გამოფენაა, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა. გამოფენა ყოველ შემოდგომაზე ციურიხის ტბაზე მდებარე გემებზე იმართება.