მთავრობის ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც ლომბარდებს უძრავი ქონების და ავტომობილის სანაცვლოდ სესხის გაცემა აეკრძალა, ერთ თვეში ლომბარდების ნაწილი გაკოტრებამდე მიიყვანა.
როგორც კომპანიების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, აღნიშულით უკმაყოფილოები არიან მომხმარებლებიც, რადგან მათ უმეტესობას ბანკებთან პრობლემები ჰქონდა და სესხის მიღების ერთადერთი ალტერნატივაც შეუზღუდეს.
ცნობისთვის, სალომბარდე საქმიანობაში სახლისა და ავტომანქანის გარანტიის სახით მიღების აკრძალვის ინიციატივა, მაშინდელ ფინანსთა, ამჟამად მოქმედ პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის, რომელიც რეგულაციის სახით 20 აგვისტოდან ამოქმედდა. მაშინ ლომბარდების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბინისა და ავტომანქანის გარანტიით დღიურად 10-მდე სესხს გასცემდნენ.
რეგულაციიდან ერთი თვის თავზე „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა შედეგი იქონია აკრძალვამ სალომბარდე საქმიანობაზე, რისთვისაც რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცხადებს, რომ რეგულაციამ მათ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა და მეტიც, რამდენიმე მათგანი უკვე გაკოტრების პირასაა.
ლომბარდების მფლობელების თქმით, ბიზნესის გადასარჩენად სხვა პროდუქციაზე საპროცენტო განაკვეთის მომატებასაც აზრი არ აქვს, რადგან მომხმარებლებს არსებულის გადახდაც უჭირთ.
„შეჩერებული გვაქვს მანქანებისა და სახლების სანაცვლოდ სესხის გაცემა. ამჟამად მხოლოდ რეგულაციამდე ჩადებული ავტომობილები გვაქვს. შესაბამისად, ამ კანონმა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი გავლენა იქონია ბიზნესზე. გვაქვს ტექნიკაც და სხვა ნივთებიც, თუმცა არ ვაპირებთ პროცენტის გაზრდას, რადგან მომხმარებლებს არსებულის გადახდაც უჭირთ“,-განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსსს“ ერთ-ერთ ლომბარდში.
ფაქტობრივად, სესხებს აღარ გასცემს თბილისში მოქმედი კიდევ ერთი ლომბარდი. მისი წარმომადგენელი „ბიზნესპრესნიუსთან“ იმედს გამოთქვამს, რომ რაიმე შეიცვლება და საქმინობის გაგრძელებას შეძლებენ.
„აღარ გავცემთ სესხებს და ვართ მოლოდინის რეჟიმში, რომ იქნებ რამე შეიცვალოს. ამ ეტაპზე მუშაობა საერთოდ შევაჩერეთ“,- აცხადებენ ლომბარდში.
ლომბარდების ნაწილი მომხმარებლების უკმაყოფილებაზეც საუბრობს. მათი თქმით, აღნიშნულმა რეგულაციამ სესხის სწრაფად მიღების უკანასკნელი ალტერნატივა წაართვა, რითიც ისინიც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„რა გავლენაას იქონიებდა, ამდენი მომსახურე პერსონალი ვზივართ და ვუყურებთ ერთმანეთს პირდაღებულები. თურმე, მხოლოდ ბანკებმა უნდა იმუშაონ... ახალი კლიენტები აღარ ემატება და ვარ ძველებზე დამოკიდებული. ჩვენთან ძირითადად ის კონტინგენტი მოდიოდა, ვისაც ბანკთან ჰქონდა პრობლემა, ზოგი ოპერაციას იკეთებდა, ზოგს განსაბაჟებლად სჭირდებოდა ფული და ისინიც ძალიან ცუდ დღეში ჩააყენეს. მოკლედ, სალომბარდე ბიზნესში ძალიან ცუდი მდგომარეობაა“,-აცხადებენ თბილისში მდებარე კიდევ ერთ ლომბარდში.
ლომბარდების მეპატრონეების თქმით, ამ ეტაპზე ვერც ბიზნეს საქმიანობის პროფილს იცვლიან, რადგან არ აქვთ გარანტია, რომ „მთავრობა ხვალ კიდევ ახალ რეგულაციას არ მიიღებს“.
„ძალიან ცუდი გავლენა იქონია, მეტი ცუდი რომ არ შეიძლება ისეთი. ფაქტობრივად, დახურვის პირას ვართ. კლიენტებიც უკმაყოფილოები არიან. ძირითადად ძველი დალომბარდებული საქონლით ვმუშაობთ. ახალი არ ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, როდესაც ძველი დაიფარება, დახურვამდე მივალთ. სხვა ნივთებზე პროცენტის გაზრდასაც აზრი არ აქვს. ვერც კომპანიას ვუცვლით პროფილს, მაგალითად სალიზინგო კომპანია რომ გავაკეთოთ, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ კიდევ სხვა რეგულაციას არ მიიღებენ?! ამ მოცულობის ფული დავხარჯო და მერე კიდევ ახალი აკრძალვები შემოიღონ, ვერ ვრისკავ. მაინც ველოდები, რომ იქნებ რამე დასტაბილურდეს და შეიცვალოს. საერთოდ, არანაირი მოგება აღარ გვაქვს. სრულ გაურკვევლობაში ვართ“,-აცხადებენ კიდევ ერთ ლომბარდში.