უძრავი ქონების ბაზარზე ბინის დაგირავებაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ფასები კი ადგილმდებარეობისა და პირობების მიხედვით იცვლება.თუმცა სპეციალისტების თქმით, დაგირავების მსურველი უფრო მეტია, ვიდრე დასაგირავებელი ბინა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ბინის დაგირავება თბილისში და რომელია ყველაზე მოთხოვნადი უბნები.
უძრავი ქონების სააგენტო ss.ge-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ ყველაზე მეტი გასაგირავებელი ბინები გლდანი-ნაძალადევის რაიონშია, სადაც ამ ეტაპზე სულ 371 განცხადება ფიქსირდება. რაც შეეხება ფასებს, 1 კვ.მ 250 - 350 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
286 განცხადებით ვაკე-საბურთლო მოსდევს, სადაც 1 კვ.მ ფასი 400 - 500 დოლარი ღირს. ისანი-სამგორის რაიონში სულ 276 განცხადებაა, ფასი კი 1 კვ.მ 200 -300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დიდუბე - ჩუღურეთში სულ - 162 განცხადება ფიქსირდება, ხოლო ფასი 1 კვ.მ 200 – 350 დოლარშია მოცემული. ხუთეულს ძველი თბილისი 62 განცხადებით ამთავრებს, სადაც გასაგირავებელი ბინის ფასი 1 კვ.მ 300 - 450 დოლარის ფარგლებშია.
აღსანიშნავია ახალი ბინის დაგირავების ახალი ტენდეცია, უძრავი ქონების მეპატრონე ბინას ერთი პირობით აგირავებს, ბინაში რჩება და ქირას იხდის. Ss.ge-ს ცნობით, ასეთი განცხადებების წილი 23% პროცენტია.
გასათვალისწინებელია, რომ ფასის დადგენა დაგირავების შემთხვევაში უფრო რთულია, რადგან უმეტესად ბინის მეპატრონეს რა თანხაც სჭირდება, იმ ფარგლებში ხდება დაგირავება.
ქართული ქონების მართვის სააგენტოს დირექტორი შალვა ანთიმიადი „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბინის დაგირავება ძალიან ბევრს სურს, მაგრამ საკმარისი ბინები არ არის.
„გირაოზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეპატრონე ბინაში დარჩება. ზოგადად, ბინის დაგირავება ძალიან ბევრ ადამიანს სურს, თუმცა საკმარისი ბინები არ არის. უმრავლესობას ბინაში დარჩენა და შემდეგში ქირის გადახდა სურს.
შეიძლება ითქვას, მოთხოვნა მიწოდებას ვერ აკმაყოფილებს. მოთხოვნა მაღალია, მაგრამ გასაგირავებელი ბინები ცოტაა. ამასთან, ბინის დაგირავებისას ერთი ტენდეცია შეინიშნება, ბინების უმეტესობა მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იყრის თავს. აქ იტალიური ეზოებია და ფასიც შედარებით დაბალია. შესაბამისად, ამ რაიონის პოპულარულობას ესეც განაპირობებს," - განაცხადა მან.
მისი თქმით, თბილისში ბინის დაგირავების ფასი ძირითადად 10-15 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლები და მეტიც შეიძლება ღირდეს, რაც მეპატრონის საჭიროებაზეა დამოკიდებული.
„10 ათას დოლარზე დაბალ თანხად არავინ არ აგირავებს. რა თქმა უნდა, ბინის დაგირავების ფასს მისი ადგილი და ბინის მდგომარეობაც განსაზღვრავს, მაგრამ მაინც მეპატრონის საჭიროებაზეა დამოკიდებული. გვაქვს შემთხვევა, როდესაც ცუდი ბინა, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა 5 ათასს დოლარად დაგირავებულიყო, მაგრამ მეპატრონემ 15 ათასი დოლარი მოითხოვა, რადგან ეს სჭირდებოდა. ან პირიქით, შესაძლოა, ბინა მეტი ღირდეს და მეპატრონემ ნაკლები მოითხოვოს.“ - განაცხადა ანთიმიადმა.
ლიკა ამირაშვილი