ქალებს, რომლებიც ავტობუსის მძღოლის ვაკანსიით არიან დაინტერესებულნი, ავტოსკოლაში გადაამზადებენ.
როგორც თბილსისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, გამოცხადებულ 25 ვაკანსიაზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება, თუმცა სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადების მიღების ვადის გაგრძელებას არ გამორიცხავენ.
„კურსები ჩატარდება შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიიის“ საკონსულტაციო ჯგუფის მიერ შერჩეულ ავტოსკოლაში, სადაც მონაწილეები შეისწავლიან ავტობუსის მართვასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას, გამოიმუშავებენ ავტობუსის მართვისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს, მიიღებენ ყველა იმ დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა ავტობუსის მძღოლად მუშაობისთვის (პირველადი დახმარება, კანონმდებლობა, მგზავრთა უსაფრთხოება და სხვა) ჩააბარებენ საქართელოს კანონმდებლობით განსაზღვრულ D მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
სასწავლო კურსი განკუთვნილია 25 ქალისთვის. დღეს, დღის ბოლოსთვის გვეცოდინება რამდენი ქალი დაინტერესდა ამ პროგრამით. თუ 25-მდე მათი რაოდენობა არ იქნება, შესაძლოა, განაცხადების მიღების ვადამ გადაიწიოს“, - განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე განმარტებით, კურსის გავლა დაინტერესებული ქალებისთვის უფასო იქნება და ყველა ხარჯი, მათ შორის, მართვის მოწმობის გამოცდის ღირებულება ავტოსკოლის მიერ დაიფარება.
„ კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები დასაქმდებიან თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე. კურსის ხანგრძლივობა 1 თვეა. სასწავლო კურსის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის ოქტომბერია. მეცადინეობები ჩატარდება მოქნილი გრაფიკით - მონაწილეთათვის სასურველ დროს, სხვადასხვა ჯგუფებში. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქალს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის საქართველოს მოქალაქე, შეუსრულდა 24 წელი, აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, აქვს B კატეგორიის ავტომანქანის მართვის სამწლიანი გამოცდილება და არ ჰქონია სერიოზული დარღვევები (ავარია, მოწმობის ჩამორთმევა და ა.შ.), მზადაა სასწავლო კურსში მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში, მზადაა დაესწროს კურსს მთლიანად და ბოლოს ჩააბაროს შესაბამისი გამოცდა. მზადაა დასაქმდეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, კომპანიის მხრიდან შეთავაზების მიღებისთანავე.
კანდიდატთა შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების ხანგრძლივობას",- განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ავტობუსის მძღოლები სარგებლობენ შემდეგი პირობებით:
აქვთ გარანტირებული ხელფასი და სტაბილური გადახდის განრიგი, ჯანმრთელობის დაზღვევა, რეგულირებული სამუშაო საათები და ცვლები, დამატებითი ანაზღაურება ზეგანაკვეთური სამუშაოს შემთხვევაში.
გარდა ამისა, კომპანია ქალებს დამატებით პირობებსაც სთავაზობს:
„ისინი მიიღებენ ბონუსს დედის დღეს - შემცირებული სამუშაო საათების სახით, 10 წლამდე ასაკის შვილების დედებისთვის იქნება დამატებითი ბონუსი, ბავშვის შეძენის შემთხვევაში თბილი და წამახალისებელი გარემო“, - განმარტავენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.