აუდიტმა შსს-ს მიერ მოოქროვილი მაჯის საათების არამიზნობრივი შესყიდვის ფაქტი გამოავლინა

2012 წელს, შს სამინისტრომ "თბილავიამშენისგან" 206 600 ლარის ღირებულების მოოქროვილი და მოვერცხლილი სასაჩუქრე მაჯის საათები შეისყიდა.

აღნიშნულ შესყიდვაზე საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობის ამსახველ ანგრიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. სამსახურის შეფასებით, აღნიშნული შესყიდვის აუცილებლობა დასაბუთებული არ არის.

"შესყიდვა დაგეგმილი არ ყოფილა და მხოლოდ 13 აგვისტოს იქნა შეტანილი აღნიშნული ცვლილება შესყიდვების გეგმაში, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება 14 აგვისტოს გაფორმდა. 2013 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, შესყიდული საქონლის 96% ისევ გამოუყენებელია და საწყობში ინახება", - ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვანში.

დაუსაბუთებელი შესყიდვის კიდევ ერთი ფაქტი შსს-ს მიერ ე.წ. სადროშეების შეძენას ეხება. 2011 წლის 27 აპრილს გამოცხადდა ტენდერი სადროშეების შესყიდვაზე (40 ცალი – 9 მეტრიანი და 20 ცალი – 6 მეტრიანი), სადაც ბაზრის გამოკვლევის გარეშე შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 106 ათასი ლარი განისაზღვრა. ტენდერში ერთადერთმა მონაწილე "ევროპლანტ ჯორჯიამ" გაიმარჯვა, რომლის მიერ მიწოდებულ საქონელზე ფასნამატმა, აუდიტის სამსახურის ცნობით, 111% (46 400 ლარი) შეადგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სადროშეებიდან ორი წლის მანძილზე მხოლოდ ორი ცალია გამოყენებული.