„რიპლის“ გეგმებმა XRP-ს მკვეთრი ზრდა გამოიწვია

„რიპლის“ ციფრულ ვალუტა XRP-ს ფასი 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანია „რიპლმა“ გამოაცხადა, რომ დაახლოებით ერთ თვეში სტარტს აიღებს მისი სერვისი, რომლის დროსაც, ფულად გადარიცხვებში XRP-ს გამოიყენებენ.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამ, მთლინად ციფრული ვალუტების ბაზარიც გამოაცოცხლა - გაიზარდა ყველა წამყვანი ციფრული ვალუტის ფასი. კერძოდ, ბიტფაინექსის პლატფორმაზე ბიტკოინის ფასმა 2.5 პროცენტით მოიმატა და 6 553.3 დოლარს მიაღწია. ეთერიუმი 7 პროცენტით, 224.03 დოლარამდე გაძვირდა.

საკუთრივ „რიპლის“ XRP-ს ფასმა, პოლონიექსის პლატფორმაზე 0.45512 დოლარს მიაღწია და ზრდას აგრძელებს. იმავე პლატფორმაზე, ლაიტკოინი 6.1 პროცენტით, 57.262 დოლარამდე გაძვირდა.

XRP-ს ფასი ამ კვირაში დაახლოებით 43 პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც „რიპლმა“ ახალი პროდუქტი - „იქსრეპიდ“ წარმოადგინა. მისი მეშვეობით, ფინანსური კომპანიები განვითარებად ბაზრებზე ტრანსფერებს სწრაფად და იაფად შეასრულებენ, რისთვისაც, რა თქმა უნდა, XRP-ს გამოიყენებენ. „რიპლს“ ახალი პროექტის ამოქმედების ზუსტი დრო და ფინანსური ასპექტები ჯერ არ გამოუქვეყნებია.

„რიპლის“ ახლანდელი მთავარი პროდუქტი, „იქსქარენტი“ არ ითვალისწინებს XRP-ს გამოყენებას. „იქსრეპიდის“ შემთხვევაში კი XRP მთავარი იარაღი და ძირითადი აქტივია, რომელიც ფულის ბანკთაშორისი გადარიცხვების სერვისის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, პროდუქტ „იქსრეპიდით“ მუშაობისას, XRP-ს გამოყენება სავალდებულოა.