„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოს კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებისა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ქართულ-ჩეხურ ონკოლოგიურ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.
"საპარტნიორო ფონდის" ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მათ შორის, ჩეხეთის წამყვანმა ონკოლოგებმა, ჩეხეთის ონკოცენტრის დირექტორისა და ჩეხეთის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ იან ჟოლოუდეკის ხელმძღვანელობით.
სიმპოზიუმის მთავარი თემა ონკოლოგიის სფეროში მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, პრევენციული ღონისძიებები და დაავადებასთან ბრძოლის უახლესი მეთოდები იყო. ღონისძიების მიზანს ქართული ონკოლოგიის განვითარებაზე ზრუნვა და მედიცინის ამ დარგის საერთაშორისო სტანდარტებისკენ სწრაფვა წარმოადგენს. სიმპოზიუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტეტის მხარდაჭერით გაიმართა.
სიმპოზიუმი უნივერსალური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიჩავამ გახსნა და მადლობა გადაუხადა დავით საგანელიძეს ონკოლოგიის ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო უნივერსიტეტის დახმარებისა და ხელშეწყობისთვის.
ქართულ-ჩეხური ონკოლოგიური სიმპოზიუმის მონაწილეებს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სიტყვით მიმართა.
„საერთაშორისო ქართულ-ჩეხური, ონკოლოგიური სიმპოზიუმი კარგი შესაძლებლობაა, ქართველი და ჩეხი კოლეგების დაახლოების, უახლესი მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე, ონკოლოგიის მკურნალობის ევროპული სტანდარტების დანერგვისთვის საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. დღეს საქართველოს ბიუჯეტის უდიდესი წილი სწორედ ჯანდაცვის სექტორზე მოდის და მთავრობა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ამ სექტორში თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის, რისთვისაც საჭიროა სამედიცინო განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე, ინტეგრაცია, რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას,“ აღნიშნა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ და საქართველოს ონკოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა გასულ წელს ჩეხეთის მასარუკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. რომლის მიზანიც ურთიერთდახმარების გააძლიერება, ასევე, კიბოს პრევენციისა და მკურნალობის სფეროში ხელშეწყობაა.