„დღე მანქანის გარეშე“ - ამ სახელწოდებით თბილისში, საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ველომარათონი გაიმართა.
ღონისძიებაში ველომოყვარულებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა, სამწუხაროდ, თბილისში ველოსიპედით გადაადგილება პოპულარული არ არის, თუმცა თბილისის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოაწყოს ველობილიკი, იქ სადაც ამის საშუალება იქნება.
„ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო გამოსული, ველოსიპედებით გავისეირნეთ დედაქალაქში. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ერთ-ერთი მიმართულება. ჩვენ, რა თქმა უნდა , ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანსაღის ცხოვრების წესი დაინერგოს ქალაქში. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება. ზოგადად, ველობილიკებს რაც შეეხება, საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა და ჩვენ, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია აუცილებლად იყოს გათვალისწინებული ველობილიკების პროექტი. კოსტავა-შარტავას მონაკვეთი ამის ნათელი მაგალითია, სადაც კეთდება ველობილიკები, დაუკავშირდება პეკინის ქუჩას და ძალიან დიდი სივრცე გამოვა. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, ვისაც უყვარს ველოსიპედით გადაადგილება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შევუწყოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო მეტი ადამიანი გადაადგილდებოდეს ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და უკვე ნელ-ნელა „არა“ უნდა ვუთხრათ, "მკვლელ ავტომობილებს", რომელიც მწყობრიდან გამოსულია და ეკოლოგიურად აზიანებს ქალაქსა და ჩვენს ჯანმრთელობას“, -განაცხადა კალაძემ.
ღონისძიება „დღე მანქანის გარეშე“ მნიშვნელობასა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობაზე ისაუბრა გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ყოველდღე თბილისი და მიიწევს წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედების მიმართულება. გვინდა, რომ ამ ქალაქში ჰაერის ნაკლები დაბინძურება და ნაკლები სტრესი იყოს. დედაქალაქში დღეს 300-ჯერ მეტი ავტომობილია, ვიდრე ეს იყო 2004 წელს, ეს ტენდენცია იზრდება. ჩვენ ვიცით, ის თუ რა შედეგებიც მოყვება ჰაერის დაბინძურებას და რა ეკონომიკური ზრალი მოყვება იმას, რომ ძალიან ბევრი ავტომობილია ქალაქში. ცუდს შედეგს იძლევა დაავადებების მხრივ და ეს უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ნილ სკოტმა.
ველომარათონმა სტარტი ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. ველოსიპედისტთა ნაკადი თავისუფლების მოედანთან მობრუნდა და რბოლა პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაასრულა.
ველომარათონი „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა და გარბენში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
„დღე მანქანის გარეშე“ 2000 წელს დაარსდა. მას ევროპის ათეულობით ქალაქი უერთდება, ხოლო თბილისში უკვე მესამედ აღინიშნება. საერთაშორისო დღის მოწოდებაა, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით მაინც თავი შეიკავონ კერძო ავტომანქანებით სარგებლობისგან, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით ან ველოსიპედით.