დავით საგანელიძე: ვერც გავიფიქრებდი, რომ საკრებულოს წევრები დანამატს გამოიწერდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე გაოცებულია თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 300 პროცენტიანი დანამატების გამოწერის თაობაზე.

როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვერ წარმოიდგენდა, რომ თავისი მუშაობის ბოლო თვეს, საკრებულოს უმრავლესობა 300 პროცენტიან დანამატს თავისთვის გამოიწერდა.

"მე კომენტარი არ მაქვს, ცოტა გაოცებული ვარ. ამ საკრებულოს წევრი მეც გახლდით და ორი წლის წინ დავტოვე იგი. ნამდვილად თავში არ მომივიდოდა, რომ თუნდაც საკრებულოს მაშინდელი უმრავლესობა, რომელსაც მე ყოველთვის ვებრძოდი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, ვერც გავიფიქრებდი, რომ ბოლო თვეს 300-პროცენტიან დანამატს გამოიწერდნენ", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

პრემიების თემას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, ზვიად ძიძიგური. იგი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს, რასაც ყოველთვიური ანაზღაურება - 3 540 ლარიც დაემატება.