საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში განახორციელეს მასშტაბური ღონისძიებები ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით.
ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, 7 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
„ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროებთან მიმართებაში ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.