ჩინეთმა აშშ-სთან მოლაპარაკება გააუქმა

ჩინეთმა შეერთებულ შტატებთან დაგეგმილი მოლაპარაკება ჩაშალა.

ის ამ კვირაში უნდა გამართულიყო, მაგრამ როგორც „უოლ სტრიტ ჯორნელი“ წერს, ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე ვაშინგტონში აღარ გაემგზავრება.

გამოცემას მისმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიზიტის მოსამზადებლად, ვაშინგტონში ჯერ საშუალო დონის დელეგაციის გამგზავრება იყო დაგეგმილი. მაგრამ ეს ვიზიტიც გაუქმდა. შესაბამისად, არც მოლაპარაკება შედგება.

გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე, ახალი საბაჟო ტარიფი დააწესა. ამის პასუხად, ჩინეთმა 60 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე გაზარდა ტარიფი, რითაც სატარიფო ომში, საკუთარი არსენალი პრაქტიკულად ამოწურა. ორივე მხრიდან, ახალი ტარიფები დღეს ამოქმედდება.

ყოველივეს მიუხედავად, შეერთებული შტატები ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის შესაძლო ნორმალიზაციასთან დაკავშირებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი. თუმცა ამერიკელები ვერ ამბობენ, თუ როდის შეიძლება ეს მოხდეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალური პირი ლაპარაკობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ამერიკის და ჩინეთის ბაზრები ერთმანეთს ჩამოვაცილოთ. ეს შორეულ პერსპექტივაში, არცერთი მხარისთვის სასარგებლო არ იქნება. მეორე მხრივ, არსებობს იმის რისკიც, რომ თუ ჩინეთი ასე გააგრძელებს, ბევრი კომპანია მიწოდების სხვა არხების ძებნას დაიწყებს“, - ამბობს ინფორმაციის წყარო.