1-ლი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდება

მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ახალი ვალდებულებები ამოქმედდება.ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კერძოდ, საუბარია, „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ“ სებ-ის მიერ შემუშავებული დებულებით გათვალისწინებულ რეგულაციებზე. რეგულაციის მიხედვით, განისაზღვრება სესხის მომსახურების და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები. შემოდის ლიმიტები რა ოდენობის ხელფასზე რა მოცულობის და რა ვადიანობის სესხის აღება იქნება შესაძლებელი, რომ მსესხებელმა კრედიტის მომსახურება უპრობლემოდ შეძლოს.

დაზუსტებული კოეფიციენტები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ამ დებულების მოქმედება ყველა სესხის გამცემი სუბიექტისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან იყო დაგეგმილი.

დოკუმენტი ადგენს სესხის გაცემის კრიტერიუმებს, რომელთა შესრულებაც დებულების დამტკიცების შემდეგ, ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის სავალდებულო იქნება.

თუმცა, გვენეტაძის განცხადებით, ბანკების გარდა, სხვა სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, აღნიშნული დებულებით განსაზღვრული რეგულაციები 2019 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.