კობა გვენეტაძე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად თურქეთში და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზად თურქეთში და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა, მისი მოსაზრებით, გაუფასურების ძირითადი ფაქტორი რეგიონში განვითარებული მოვლენებია.

„ლარის კურსთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ეს კომპლექსური ფაქტორებია და ძნელია ერთი რომელიმე ფაქტორის გამოყოფა მანამ, სანამ არ გვექნება მოგვიანებით საგადამხდელო ბალანსის შესახებ ინფორმაცია, რადგანაც ეს არის ყველაზე კარგი წყარო გასაანალიზებლად, რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას კურსზე. თუმცა, არავისთვის არ არის საიდუმლო ის მიზეზები, რომელიც ბოლო გაუფასურებას წინ უძღვოდა. ეს არის რეგიონში შექმნილი საკმაოდ რთული სიტუაცია. მოგეხსენებათ, თურქეთში და რუსეთში განვითარებული მოვლენები. ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ქვეყნების ეროვნული ბანკები არ ახდენენ გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, რადგანაც ამის გაკეთება მაშინ, როდესაც მოქმედებს გაცვლითი კურსის რეჟიმი, არის აბსოლუტურად შეუძლებელი და არ არსებობს რომელიმე ნიშნული, რომელსაც ეროვნული ბანკი უმიზნებს“, - განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა: „თუ გადახედავთ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო, აგვისტოს თვის პრესრელიზს, ვნახავთ, რომ „ეკონომიკურ პერსპექტივებზე შესაძლო უარყოფითი გავლენების მქონე რისკები არის განპირობებიული რეგიონში არსებული ვითარებით“. სავალუტო ფონდმაც აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული სიტუაცია არის ამის მიზეზი“, - განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება ინფლაციას, როგორც გვენეტაძე აცხადებს, ჯერჯერობით ვერანაირ რისკებს ამასთან დაკავშირებით ვერ ხედავს.

„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განაცხადი, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ქვეყანაში და ვაკონტროლებთ იმ მიმდინარეობას, რაც ფასებთან დაკავშირებით არის. მოგეხსენებათ, ბოლო ინფლაციით, აგვისტოს მაჩვენებლით, ინფლაცია 3.1 პროცენტია, რაც საკმაოდ კომფორტული ზონაა იქედან გამომდინარე, რომ მიზნობრივი ინფლაცია არის 3 პროცენტი. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ინფლაციის 3- პროცენტიანი მაჩვენებელი არ ნიშნავს ნული პროცენტიდან 3 პროცენტამდე, 3 პროცენტი არ არის ზღვარი და ინფლაცია, რომელიც ახლოს იქნება 3 პროცენტთან, არის შესაბამისობაში. ჯერჯერობით ვერანაირ რისკებს ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვხედავთ, თუმცა, გავაგრძელებთ მონიტორინგს, როგორც ეს ჩვენი მანდატის ფარგლებში ხდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.