თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრ გულიკო ზუმბაძის აზრით, საკრებულოს თანამდებობის პირები 300-პროცენტიანი პრემიის აღების შესახებ გადაწყვეტილებას არ გააუქმებენ.
როგორც გუშინ ჟურნალისტებს გულიკო ზუმბაძემ განუცხადა, არსებული წესის თანახმად, პრემიები ერიცხებათ მხოლოდ იმ დეპუტატებს, რომლებიც იკავებენ გარკვეულ თანამდებობებს და არა ყველა დეპუტატს. თანამდებობის პირები კი არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, ასევე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები.
მისივე თქმით, ის არ არის თანამდებობის პირი და, შესაბამისად, პრემია არ ერიცხება. ამასთან, საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ 300 პროცენტიანი პრემიის აღების გადაწყვეტილებას გულიკო ზუმბაძე არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ბევრია.
"მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს ბევრი დეპუტატი შრომობს, ამ რაოდენობის პრემიის გაცემა, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი შიხიაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში, ივნისის ბოლოს, 350 პროცენტიან პრემიას - 12 000 ლარს აიღებს, რასაც ყოველთვიური ანაზღაურება - 3 540 ლარიც დაემატება.