საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წელს, 5 432 653 ლარის პრემია და 22 564 715 ლარის დანამატი გასცა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ასევე გაცემულია 3 573 313 ლარის სპეციალური დანამატი.
„სამინისტროს თანამშრომლებისათვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებებით დაწესებულია დანამატები მრავალშვილიან მოსამსახურეებზე და წელთა ნამსახურობაზე. დანამატები გაიცემა აგრეთვე საკლასო ჩინისათვის. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით, შსს-ს თანამშრომლებს შესაძლებელია დაენიშნოთ სპეციალური დანამატები, რომელსაც ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შტატით განსაზღვრულ თანამშრომლებზე, 2017 წელს „დანამატის“ ქვემუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 22,564.7 ათასი ლარი შეადგინა, რაც შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობის 19.9%-ს შეადგენს. მათ შორის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე დანიშნული სპეციალური დანამატების სახით, 162 თანამშრომელზე გაცემულია 3,573.3 ათასი ლარი.
2017 წელს, საშუალოდ, 70-80 თანამშრომელს ჰქონდა დანიშნული თანამდებობრივ სარგოზე მეტი დანამატი (თუმცა 2016 წელთან შედარებით, ცალკეულ თანამდებობის პირებისთვის დანიშნული სპეციალური დანამატების ოდენობები შემცირებულია). სპეციალური დანამატის დაწესების შესახებ გამოცემულ ბრძანებებში მითითებული იყო მხოლოდ დანამატის დაწესების თარიღი და არ იყო განსაზღვრული, თუ რა პერიოდით იქნა დაწესებული აღნიშნული დანამატი. შედეგად, დანამატი ინიშნებოდა განუსაზღვრელი ვადით და მისი გაუქმება ხდებოდა ასევე ბრძანების საფუძველზე. შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დასაბუთებული დანამატის გაცემის აუცილებლობა და ის თავისი ყოველთვიური შინაარსიდან გამომდინარე, უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებდა. სამინისტროს თანამშრომლებზე დანამატების დანიშვნის საკითხი არ თანხმდებოდა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტთან, რის გამოც მას არ გააჩნდა საკმარისი საფუძვლები ამ მუხლის სწორად დასაგეგმად“, - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
ამავე ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, სამინისტრომ თანამდებობრივი სარგოს სახით 83 622 136 ლარი გასცა, წოდებრივი სარგოსთვის კი, 20 073 833 ლარი.