სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში შრომის ანაზღაურების დარიცხვასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის ხარვეზები გამოავლინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, სახელფასო ანაზღაურება გათავისუფლებულ თანამშრომლებზეც არის გაცემული, თანხების სრულად დაბრუნება კი ვერ მოხერხდა.
„2016 წლამდე, სამინისტროს იმ სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა რაოდენობა, რომლებსაც ფინანსურ უზრუნველყოფას ეკონომიკური დეპარტამენტი უწევდა, დაახლოებით 3 ათასს შეადგენდა. 2016-2017 წლებში განხორციელებული რეორგანიზაციის (სსღც-ს, ცკპდ-ს შემოერთება და ა.შ.) შედეგად კი, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 9 ათას თანამშრომლამდე, ანუ, თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ცენტრალური აპარატის მიერ გაწეული ხარჯების მთლიან მოცულობაში შესაბამისად გაიზარდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯების ხვედრითი წილიც. კერძოდ, 2017 წელს გაწეული 221,826.8 ათასი ლარის საკასო ხარჯიდან, 120,527.0 ათასი ლარი, ანუ - 54%, შრომის ანაზღაურების (მ.შ შტატგარეშეებზეც) მუხლითაა გაცემული. აქედან გამომდინარე, შრომის ანაზღაურების დარიცხვის პროცესში მნიშვნელოვნად გაიზარდა გარკვეული შეცდომების რისკი, რომელსაც ვერ ფარავს შიდა კონტროლის არსებული მექანიზმები.
კერძოდ, შრომის ანაზღაურების დარიცხვა შსს-ში წარმოებს ავტომატურად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლის ბაზაშიც შეტანილია ყველა საჭირო ინფორმაცია მოქმედი თანამშრომლების შესახებ. აღნიშნულ ბაზაში ცვლილებების შეტანის საფუძველია შესაბამისი ბრძანება (თანამშრომელთა დანიშვნის, განთავისუფლების, დანამტის დაწესების და ა.შ. შესახებ), რომელიც დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (შემდგომში - eFlow) საშუალებით ეგზავნება ეკონომიკურ დეპარტამენტს. დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომელს პროგრამაში მექანიკურად (ხელით) შეაქვს საჭირო მონაცემები. ამასთან, დანიშვნის პირველ თვეს მექანიკურად ხდება ასანაზღაურებელი დღეების რაოდენობის გაანგარიშება, ბრძანებაში მითითებული თარიღიდან გამომდინარე. მომდევნო თვეებში, უკვე ბაზაში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველს, რომელშიც ცვლილებების შეტანა ხორციელდება მხოლოდ ახალი ბრძანების მიღების შემდეგ (პოზიციის შეცვლა, განთავისუფლება, წოდების მინიჭება, დანამატის დანიშვნა და ა.შ). აღნიშნული მონაცემების საფუძველზე პროგრამა ავტომატურად ახორციელებს ხელფასის დარიცხვას. მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სახელფასო რეესტრები (დარიცხული თანხების გარეშე) ყოველთვიურად იგზავნება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, რომელსაც ევალება რეესტრების შედარება მათ ბაზაში არსებულ მონაცემებთან, იმის დასადგენად, რეალურად ირიცხებოდა თუ არა რეესტრში არსებული პიროვნება სამინისტროს თანამშრომლად. აღნიშნული, გარკვეული ხასითის პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ კონტროლის ეს მექანიზმი არ არის მიმართული თანამშრომლებზე დარიცხული (გაცემული) თანხების სიზუსტის გასაკონტროლებლად. ამასთან, ფულადი უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლების მიერ ხელფასის სპეციალურ პროგრამაში შეყვანილი ინფორმაციის გადამოწმება არ ხორციელდება. მოქმედი ინსტრუქციით ხელფასის დარიცხვის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვა ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით (სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ან/და სპეციალური ტექნიკური საშუალება), რაც შსს-ში ოფიციალური დოკუმენტის სახით არ წარმოებს და შესაბამისად არც ხელფასის დარიცხვისას გამოიყენება“, - ნათქვამია ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ამავე ანგარიშის თანახმად, გარდა ამისა, სამინისტროში ხშირია შემთხვევა, როდესაც თანამშრომლის განთავისუფლება ხდება გასული თარიღით, ან შესაბამისი ბრძანება ეკონომიკურ დეპარტამენტს ეგზავნება დაგვიანებით, მაშინ როდესაც აღნიშნულ თანამშრომელზე შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემა უკვე განხორციელებულია.
„შედეგად წარმოიშობა ზედმეტად გაცემული თანხები, რაც აისახება N1463 საბალანსო ანგარიშზე, როგორც მოთხოვნები შესაბამისი თანამშრომლების მიმართ. მიუხედავად ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობისა, ზედმეტად გაცემული თანხების სრულყოფილად დაბრუნება ვერ ხდება და ამ ანგარიშზე რიცხული ნაშთი პერმანენტულად იზრდება. ანგარიშის თანახმად, პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ამ სახის დავალიანებები ფიგურირებს სხვა საბალანსო ერთეულების ფინანსურ ანგარიშგებებშიც. მაგალითად, 2017 წლის 1 იანვრიდან ცენტრალური აპარატის დაფინანსებაზე გადაყვანილი ცკპდ-ს ბალანსზე ამავე მუხლით ირიცხებოდა 12.9 ათასი ლარი, საიდანაც 2017 წლის მანძილზე მხოლოდ 5.0 ათასი ლარის დაბრუნება მოხერხდა. დანარჩენი 7.9 ათასი ლარით კი გაიზარდა ცენტრალური აპარატის შესაბამის მუხლზე რიცხული ნაშთი. აღნიშნულ ანგარიშზე წლის დასაწყისისთვის ირიცხებდა 29.1 ათასი ლარი, რომელიც 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 51.2 ათას ლარამდე გაიზარდა, საიდანაც 7.9 ათასი ლარი ცკპდ-ს ბალანსზე რიცხული დავალიანებაა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების სახით ზედმეტად გაცემული თანხის იმ ნაწილს, რომლის დაბრუნება ამ პერიოდისთვის ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ცენტრალური აპარატის ბალანსზე (ცკპდ-ს ჩათვლით) 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული 51.2 ათას ლარიდან, 22.0 ათასი ლარი - 2016 წლამდეა წარმოშობილი“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშით, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ზედმეტად დარიცხული ხელფასის მომდევნო წელს დაბრუნების შემთხვევაში, სამინისტრო ვერ ახორციელებს ამ ხელფასზე დარიცხული და ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლას, რაც იწვევს შესაბამის ანგარიშზე (1361) აღნიშნული თანხების აკუმულირებას ნაშთის სახით. აუდიტის ამავე ანგარიშის ანახმად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეს ნაშთი 14.0 ათას ლარს შეადგენდა, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, 18.2 ათას ლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურების დარიცხვა-გაცემის პროცესში არსებული რისკების გასანეიტრალებლად, სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეიმუშავოს და დანერგოს სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა ან დანერგოს შიდა კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მინიმუმანდე დაიყვანს პროგრამაში არასწორი მონაცემების შეტანის შესაძლებლობას.
ამასთან, სამინისტროს ხელმძღვანელობამ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები თანამშრომელთა გასული თარიღით განთავისუფლების შემთხვევებისა და შესაბამისი ბრძანებების ეკონომიკურ დეპარტამენტში დაგვიანებით მიწოდების ფაქტების მინიმუმანდე დასაყვანად.