ენერგეტიკის დარგში არსებული კანონმდებლობის რევიზიისა და ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ჰარმონიზაციის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მიიღო მონაწილეობა.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის ეგიდით მუშაობს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების საკითხებზე. ამ პროცესში ეკონომიკის სამინისტრო, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ახალი ბაზრის კონცეფციის განხილვას ეძღვნებოდა“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ეს კონცეფცია ითვალისწინებს ბაზრის გახსნილობას და კონკურენტულობას.
„საქართველო გარდაიქმნება რეგიონულ ჰაბად სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის მიმართულებით, მათ შორის ენერგეტიკული ვაჭრობისა და ენერგობაზრის თვალსაზრისით. აქ თავისუფლად იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით ვაჭრობა მთელი რეგიონის მასშტაბით, რომ ჩამოყალიბდეს ობიექტური, კონკურენტული ფასი და უფრო მეტად იყოს დაცული მომხმარებელი, რადგან კონკურენცია ყოველთვის ბადებს უფრო ოპტიმალურ ფასს და მეტ ხარისხს. ეს მომენტები იქნება სწორედ ამ რეფორმაში გათვალისწინებული“,- აღნიშნა თურნავამ.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები დაესწრნენ.