ნავთობის ფასი წლის ბოლომდე 100 დოლარს მიაღწევს

ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა 100 დოლარამდე გაიზარდოს - ასეთ პროგნოზს აკეთებენ სასაქონლო ბაზრებზე მომუშავე ჯგუფები „ტრაფიგურა“ და „მერკურია“.

ამის მიზეზი კი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციები გახდება.

აზია-წყნარი ოკეანის ნავთობის კონფერენციაზე, რომელიც სინგაპურში გაიმართა, „მერკურია ენერჯი ტრეიდინგის“ პრეზიდენტმა დანიელ ჯაეგიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო, ბოლო კვარტლის მიწურულს, ბაზარს დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობი მოაკლდება. ამის გამო, ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 100 დოლარს მიაღწიოს.

„ჩვენ ბაზარზე რყევების მიჯნასთან ვართ. ის ირანის წინააღმდეგ სანქციებზეა დამოკიდებული, რადგან მათ გამო, ბაზარს მეოთხე კვარტლის ბოლოს, დღეში 2 მილიონი ბარელი მოაკლდება“, - ამბობს ჯაეგი.

ვაშინგტონმა ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები უკვე აამოქმედა, ამ ქვეყნის მიერ ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა ძალაში 4 ნოემბერს შევა. ეს სანქციები იმ ქვეყნებსა და კომპანიებზეც გავრცელდება, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ.

„ტრაფიგურას“ ნავთობით მოვაჭრე შტოს თანათავმჯდომარე ბენ ლაკოკი კი ამბობს, რომ ბარელი ნავთობის ფასი, შობის დღესასწაულამდე 90 დოლარს მიაღწევს, ახალი წლის შემდეგ კი 100 დოლარამდე გაიზრდება.

ნავთობის ფასის ზრდა 2017 წლის დასაწყისიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (OPEC), მის არაწევრ ქვეყნებთან შეთანხმებით, ბაზარზე მიწოდება შეზღუდა. ფასის ზრდის პროცესი ვენესუელას, ლიბიის და ნიგერიის ექსპორტში, სხვადასხვა მიზეზით წარმოქმნილმა შეფერხებებმა, კიდევ უფრო გააძლიერა. ახლახანს ბრენტ მარკის ნავთობის ფასმა 80 დოლარს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ პირცელად მოხდა.

პარალელურად, საინვესტიციო ბანკი „ჯეიპი მორგანი“ აქვეყნებს პროგნოზს, რომლის შესაბამისადაც, ბარელი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდა „შესაძლებელია“.