არსებული ინფორმაციით, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დღეს დაკავებული 6 პირიდან 5 აფთიაქების მეპატრონეა. ერთი პირი კი, როგორც ცნობილია, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი გია თვალავაძეა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სუს-ში დღეს დაკავებულ პირებთან ერთად მიჰყავთ ის 14 ადამიანიც, რომლებსაც ასევე ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიასთან დაკავშირებულ დანაშაულზე ბრალი ივლისში წარედგინათ, თუმცა არ დაუკავებიათ. ერთ-ერთი მათგანის ადვოკატმა ნინო ლალიაშვილმა სუს-თან მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავება, თუმცა ის ამ საქმეზე მიმდინარე წლის ივლისიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
მაშინ 14 პირს წაუყენეს ბრალი, მათ შორის იყო მისი დაცვის ქვეშ მყოფი. ის დაპატიმრებული არ არის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი 14 აფთიაქის მეპატრონე. მათ მიმართ პროკურატურა სასამართლოსთან არ იშუამდგომლებს პატიმრობის შეფარდებას“, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება დღეს დაკავებულ პირებს, მისი ინფორმაციით, 5 მათგანი აფთიაქის მეპატრნეა.
„თუ არ ვცდები, 5 არის აფთიაქის მეპატრონე, ხოლო 1 ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი. ამ ეტაპზე დანარჩენი არაფერი არ არის ცნობილი. გადმოგვეცა მტკიცებულებები, რომელსაც გავეცნობით და ჩვენს პოზიციას საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ. არის ფარული ჩანაწერები, მიმოწერა და ა.შ.“, - აღნიშნა ადვოკატმა.