საქართველოში 45-50 000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაა.
ასეთია ოფიციალური სტატისტიკა, რეალურად კი, კანონის გვერდის ავლით უცხოელების მიერ დასაკუთრებული მიწის ოდენობა ბევრად მეტია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სახნავი მიწის 12-15% ქართველების მფლობელობაში აღარაა. დარგის სპეციალისტები „ბიზნეს-რეზონანსთან" იმ გზებზე საუბრობენ, რითაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები მიწებს ისაკუთრებენ.
ხელისუფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე მიყიდვის შესახებ კანონის საბოლოო მიღებისგან თავს იკავებს და დროს აჭიანურებს. ინიციატივას საკანონმდებლო ძალა სექტემბრის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამასობაში გავიდა მორატორიუმის ვადაც, რომელიც, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მიწის გასხვისებას კრძალავდა სხვა პირებზე. ამ შუალედით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მიწის შესყიდვას კვლავ ახერხებენ.
პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ იგი მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.
უცხოელი ვერ შეიძენს 5 ჰა-ზე ნაკლები და 100-ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთს. იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ აქვს კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მსგავსად სამინისტროს წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას, ჯამში, არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.
კანონის გვერდის ავლით მიწის უცხოელების ხელში მოხვედრის საფრთხე კვლავ რჩება, იქნება ეს ფიქტიური ქორწინება თუ სხვა, მაგრამ რეგულაციის მიღება ფონს მნიშვნელოვნად შეცვლიდა. უცნობია, რატომ იკავებს „ოცნების" უმრავლესობა თავს და რა დგას კანონპროექტის დამტკიცების არაერთხელ გადავადების უკან.
ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი „ბიზნეს-რეზონანსთან" იმ გზებზე საუბრობს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის დასაპატრონებლად პოულობენ, სანამ ხელისუფლება კანონის მიღებას აჭიანურებს.
„პროექტის განხილვა სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და საბოლოოდ მიეღოთ კანონის სახით, თუმცა როცა ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პარლამენტარს ვესაუბრე, მითხრეს, რომ განხილვა გადაიდო, მიზეზი კი კვლავ უცნობია.
ამასობაში უცხოელები პოულობენ გზებს, თუ როგორ უნდა შეიძინონ მიწა საქართველოში. მაგალითად, სამეურნეო დანიშნულების მიწა სხვადასხვა გზით გადაჰყავთ არასასოფლო-სამეურნეო მიწად და შემდეგ ყიდულობენ. ასევე, ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია ქართველ ქალთან ფიქტიური ქორწინება და მიწის ასე შესყიდვა", - აღნიშნა მესხიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის სახნავი ნაწილის 12-15% უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშია.
მიუხედავად იმისა, რომ კანონის ახალი პროექტიც ტოვებს შავ ხვრელებს, შემოვლით გზებს, რითაც მიწის შესყიდვა უცხოელებს მაინც შეეძლებათ, მისი მიღება გადაუდებლად საჩქაროა. კანონი, რომელიც დღეს მოქმედებს, მიღებულია 1996 წელს. ამ კანონიდან მუხლების უმეტესობა ამოღებული ან გაუქმებულია, ფაქტობრივად, მას არავითარი ძალა არ აქვს. მაპატიეთ, მაგრამ თავზე გადაგვახიეს და გააუპატიურეს კანონი, რომელსაც ყველაფერი ეფუძნება და ყველაფერი ებმის.
ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანი და, საბოლოო ჯამში, საკმაოდ კარგია. რატომ არ იღებენ და რას ელოდებიან, არ მესმის. ერთ კვირაში შექმნეს სააგენტო და მოამზადეს კანაფთან დაკავშირებული კანონპროექტი. მოსახლეობის წინააღმდეგობა რომ არა, დაამტკიცებდნენ კიდეც და საქართველოს მიწაზე კანონი, შეიძლება ითქვას, არც გახსენებიათ.
ამასობაში კი სასოფლო-სამეურნეო მიწის სახნავი ნაწილის 12-15% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გასხვისებული. რატომღაც მთლიანი მიწიდან ანგარიშობენ და ამიტომ გამოსდით 1-2%. ვიმეორებ, რეალურად, სასოფლო-სამეურნეო მიწის სახნავი ნაწილის 12-15% უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელშია", - აცხადებს მესხიშვილი.
სასოფლო-სამეურნეო დარგის ექსპერტი ჯუმბერ ფანჩულიძე „ბიზნეს-რეზონანსთან" მიწის უცხოელების მიერ შესყიდვის იმ გზებზე საუბრობს, რომელიც ახლახან მოიფიქრეს და წარმატებით მუშაობს.
„სამწუხაროა, რომ პარლამენტში აღარავითარი მოძრაობა აღარ შეინიშნება სასოფლო-სამეურნეო მიწის დაცვის კუხით. უფრო სამწუხაროა, რომ ამის ნაცვლად ძირითადი ყურადღება მარიხუანას კულტივაციას ეთმობა და ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი არც განიხილება.
ასეთი ინერტულობით სარგებლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და, სხვა აპრობირებულ გზებთან ერთად, მოიფიქრეს ახალი გზა: მათთვის სანდო პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს და მათ ბიზნესშია დასაქმებული, ურიგდებიან და მის სახელზე აფორმებენ მიწას, რომლის რეალური მფლობელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ასეთი არაერთი შემთხვევა ვიცი თბილისის შემოგარენში, მათ შორის თეთრიწყაროს რაიონში", -ამბობს ჯუმბერ ფანჩულიძე.
გვანცა ნინუა
გაზეთი „რეზონანსი"