ამერიკული ყავახანა Starbucks-ი მასშტაბურ რეორგანიზაციას იწყებს.მათ შორის, ეს გადაადგილებები შეეხებათ საშუალო და მაღალი დონის მენეჯერებს. აღნიშნული ნაბიჯები ნაკარნახევია გაყიდვების სტაგნაციით და პოტენციური ინვესტორების დაინტერესებით, - წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემამ გაავრცელა მიმოწერის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ხდებოდა აღმასრულებელ დირექტორს კევინ ჯონსონსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის. „ჩვენ უნდა გავზარდოთ ისეთი ინოვაციების ტემპები, რომლებიც რელევანტურია ჩვენი ქსელის მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის და პარტნიორებისთვის. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, ჩვენ ვიწყებთ ძირეულ ცვლილებებს ჩვენი მუშაობის სტილში და ამაში ჩავრთავთ კომპანიის სტრუქტურებს სხვადასხვა სეგმენტიდან“, - წერს ის.
გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაცია ამ კვირას დაიწყება და დასრულდება ნოემბერში. გამოცემა არ აზუსტებს რამდენი ადამიანის დათხოვნა იგეგმება.
შეგახსენებთ, Starbucks-ი 1971 წელს დაარსდა. ქსელში ამ დროისთვის 28 ათასი ყავახანაა, მსოფლიოს 75 ქვეყანაში. მისი სათაო ოფისი სიეტლში მდებარეობს.
კოკა კვირკველია