საავტომობილო გზების დეპარტამენტი 15 ოქტომბრამდე 26 ტენდერს გამოაცხადებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი 15 ოქტომბრამდე 26 ტენდერს გამოაცხადებს. ტენდერების ჯამური ღირებულება 185 მილიონ ლარს აღემატება.

ამის შესახებ ცნობილი ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტურისტულად და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საავტომობილო გზებს, ასევე ისეთ მონაკვეთებს, სადაც აქამდე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. კერძოდ, რეაბილიტირდება ხვამლის ისტორიულ მთასთან და ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გორდი-ძეძითის დამაკავშირებელი გზები.

ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბარისახო-შატილის დამაკავშირებელ 55კმ-იან გზას და საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის 2 ლოტს.

შეხვედრა, სადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამშენებლო კომპანიებს დაგეგმილ პროექტებზე გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ წინასწარ აცნობა, ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.