მმართველი პარტიის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება, შექმნას ჭეშმარიტად დამოუკიდებელი საჯარო სამსახური, საეჭვოა, - ამის შესახებ ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნაში - „ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე მიღწეული პროგრესი“.
აღნიშნულზე საუბარია დასკვნის ერთ-ერთ თავში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელმა ერეკლე ურუშაძემ მოამზადა და საქართველოს საჯარო სამსახურის რეფორმას ეხება. როგორც კვლევაშია ნათქვამი, დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის არარსებობას უარყოფითი გავლენა აქვს მთელს პოლიტიკურ სისტემაზე და წლების განმავლობაში მმართველ პარტიებს აძლევს შესაძლებლობას, ადმინისტრაციული რესურსები საკუთარი საარჩევნო კამპანიებისთვის გამოიყენონ, რაც სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას აზიანებს.
„საქართველოს მმართველი პარტიები საჯარო სამსახურზე კონტროლიდან ტრადიციულად სულ მცირე ორი სახის სარგებელს იღებდნენ: საჯარო სამსახურში მათი აქტივისტების დასაქმებას და საარჩევნო კამპანიების დროს საჯარო ადმინისტრაციის რესურსების გამოყენების შესაძლებლობას. როდესაც 2012 წლის შემოდგომაზე ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, მომდევნო თვეებში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან 5000-ზე მეტი საჯარო მოხელე იქნა დათხოვნილი. იგივე მოხდა მაშინაც, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2014 წელს თბილისის მერიაზე მოიპოვა კონტროლი. 2013 წელს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭა საჯარო მოსამსახურის იძულებას, შეიტანოს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გაკეთდა იმ განცხადების საპასუხოდ, რომ პროცედურა ბოროტად გამოიყენებოდა საჯარო სამსახურში მასობრივი დათხოვნების ნებაყოფლობითობის ილუზიის შესაქმნელად. თუმცა საია-ს კვლევამ დაადგინა, რომ მხოლოდ 2016 წელს თბილისის მერიაში 128 საჯარო მოსამსახურემ შეიტანა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ პრობლემა არ მოგვარებულა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით”, - ნათქვამია კვლევაში.
ერეკლე ურუშაძის შეფასებით, საჯარო სამსახურში დამსახურებაზე დაფუძნებული მიღება საქართველოსთვის დიდი ხანია გამოწვევას წარმოადგენს.
„2012 წლის შემდგომ პერიოდში თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის შემდეგ, 6500 ახლად დანიშნული საჯარო მოსამსახურიდან მხოლოდ 4% შეირჩა კონკურსის წესით. 2014 წლამდე საქართველოს საჯარო დაწესებულებებისთვის სავალდებულო არ იყო თანამშრომელთა სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარება. 2014 წელს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ჩატარებულმა კონკურსებმა კითხვები წარმოშვა, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა აღნიშნეს გამჭვირვალობის ნაკლებობა და ზედა დონის ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლო არაჯეროვანი ჩარევა ადგილობრივ დონეზე შერჩევის პროცესში“, - ნათქვამია კვლევაში.
ანგარიშის თანახმად, ახალმა კანონმა „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ძალაში 2017 წელს შევიდა, გააუმჯობესა მდგომარეობა კონკურსის საფუძველზე სამსახურში მიღების თვალსაზრისით. თუმცა, ამჟამად კანონის ამოქმედებიდან ძალზე მცირე დროა გასული იმის დასადგენად, გამოიყენება თუ არა იგი პრაქტიკაში ეფექტიანად.
„უნდა გამოავლინონ რეალურად დამოუკიდებელი და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების ხელშეწყობის პოლიტიკური ნება. საჭიროა სერიოზულად იქნეს განხილული უფროსი საჯარო მოხელის თანამდებობის შემოღების შესაძლებლობა, ხოლო პოლიტიკური თანამდეობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს საჯარო მოხელეთა დამოუკიდებლობას;
საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამსახურში მიღების ახალი პროცედურების პრაქტიკაში ქმედითი გამოყენება: სხვა საკითხებთან ერთად, მთავრობამ უნდა უზრულველყოს საჯარო სამსახურის ბიუროს და საჯარო დაწესებულებებში არსებული ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფების ქმედუნარიანობის ამაღლება. ამ კონტექსტში პარლამენტმა უნდა განიხილოს კონკურსის საფუძველზე სამსახურში მიღების წესიდან გამონაკლისების გაუქმების საკითხი;
მთავრობამ და პარლამენტმა უნდა გადასინჯონ შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონი და აღმოფხვრან ის ნაკლოვანებები, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გაუსვეს ხაზი, რადგანაც ეს ხარვეზები ხელს უშლის საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების ერთგვაროვნების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
კვლევაზე შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, კავშირი „საფარი“, „საია“, „მწვანე ალტერნატივა“, EMC, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სახელით“.