„პროექტში „აწარმოე საქართველოში“ „კოლორპაკმა“ ზუსტად იგივე პირობებში მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვა ასობით კომპანიამ“

არანაირ გასაჩივრებას არ აქვს აზრი, რადგან დასამალი არაფერი გვაქვს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „პალიტრამედია“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიის, „კოლორპაკის“ დირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პროექტში „აწარმოე საქართველოში“ „კოლორპაკმა“ იგივე პირობებში მიიღო მონაწილეობა, როგორც სხვა ასობით კომპანიამ. „აწარმოე საქართველოში“ ასობით კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, როგორც ჩვენ და ასეულობით კომპანია დაფინანსდა. ჩვენ აბსოლუტურად იგივე პირობებში მივიღეთ მონაწილეობა, რითაც სხვა ასობით კომპანია გახდა ბენეფიციარი. მილიონ 600 ათასი დოლარი ავიღეთ კრედიტით „თიბისი ბანკიდან“. „აწარმოე საქართველოს“ უპირატესობა და დადებითი მხარე ზუსტად ის არის, ჩემი აზრით, რომ კორუფციას იმით გამორიცხავს, რომ კერძო ბანკთან მიდის მოლაპარაკება. ის კრედიტი ახლაც გვაწევს კისერზე და ვიხდით“, - აღნიშნა გიორგი ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ჟორჟოლიანი იმედოვნებს, რომ პროკურატურა აღნიშნულ კითხვას უპასუხოდ არ დატოვებს. 

„ყველაზე დიდი კითხვის ნიშანია, თუ მათ აინტერესებდათ „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი მონაწილეობა, შემდგომი მონაცემები რისთვის სჭირდებათ?! ლოგიკურად შეიძლება იყოს, სწავლობენ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, თუ რამდენად სწორად დაფინანსდა, მაგრამ ეს ბანკმა განსაზღვრა და ესეც არ არის სისხლის სამართლის თემა. 2016 წლის ბოლოს დამთავრდა ეს პროგრამა. თუ გვიპასუხებენ, რატომ ითხოვენ მონაცემებს 2018 წლამდე, მადლობელი დავრჩები“, - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.