მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსაობა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალება.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მერია ტაქსების ერთიანი ვიზუალის სტანდარტზე მუშაობს, რომლის დაცვაც 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. როგორც კალაძემ აღნიშნა, მომავალი წლის ოქტომბრიდან ტაქსები იქნება თეთრი ფერის, რომელთა ტაქსის ნიშანსაც მერია დაამზადებს და მძღოლებს უფასოდ გადასცემს.
ამასთან, კალაძის განცხადებით, მომავალი წლის 1-ლი ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსაობას მძღოლები ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, კალაძემ გარკვეულ შეღავათებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლიცენზირებული ტაქსებისთვის, სპეციალური ადგილები გამოიყოფა, სადაც პარკირება უფასო იქნება. ამასთან, მათ საკუთარ ავტომობილებზე რეკლამების განთავსებაც შეეძლებათ.