Apple Watch-ის რეკლამაში მისი გმირი ორეულებს ხვდება

Apple Watch-ის ახალ რეკლამაში ვიდეორგოლის გმირი რამდენიმე კლონზე იყოფა და, მისდა გასაკვირად, ყველა მათგანი სხვადასხვა საქმეს აკეთებს.

კომპანია Apple-მა გადაიღო ვიდეორგოლი, რომელიც მისი ახალი თაობის ელექტროსაათებს Apple Watch Series 4-ს მიუძღვნა, რომელშიც აჩვენებს, რომ მის მფლობელს შეუძლია უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე წარმოუდგენია. ვიდეორგოლის პრემიერა კომპანიის YouTube-არხზე მოხდა.

ახალ ვიდეოში მამაკაცი ზის დივანზე და სასმელს მიირთმევს, წამის შემდეგ კი მისსავე ზუსტ ანალოგს აკვირდება, რომელიც მოპირდაპირედ არის მოკალათებული. ორეულს, რომელსაც აქვს Apple-ის საათი, გამოსდის შეხსენება, რომ უნდა ადგეს, ამის შემდეგ ისინი მიდიან ფანჯარასთან და ხედავენ მესამე კლონს, რომელიც ამ საათის საშუალებით საუბრობს.

გარკვეული დროის შემდეგ, როცა სამივე მათგანი ერთმანეთს ხვდება, ჯგუფს მეოთხე კლონი ჩაუვლის, ხოლო შუქნიშანთან მეხუთე ჩაურბენს, რომელსაც მისდევს შემდეგ ყველა დანარჩენი. როცა ისინი სანაპიროსთან აღმოჩნდებიან და ცოტას შეისვენებენ, ხედავენ თუ როგორ მირბის მეექვსე უკვე ოკეანისკენ.

კოკა კვირკველია