გორში კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრი ივლისში გაიხსნება

თანაინვესტირების ფონდმა კომპანია "BitFury“-ში 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ეს თანაინვესტირების ფონდის პირველი ინვესტიციაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს უკავშირდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სან-ფრანცისკოსა და ჰოლანდიაში რეგისტრირბული კომპანია BitFury რამდენიმე კვირაში გორში კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრის აღჭურვას დაასრულებს. საპროცესინგო ცენტრის ოფიციალური გახსნა კი მიმდინარე წლის ივლისში იგეგმება.

BitFury მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვაალუტის მოპოვების ოპერატორი და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიაა. კომპანიას გორში ცენტრის აღჭურვა 20 მილიონი დოლარი დაუჯდება, აქედან 10 მილიონს თანაინვესტირების ფონდი გამოყოფს.

თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსება სხვადასხვა ფაქტორით იყო განპირობებული. ის არის კომერციულად მიმზიდველი და ქვეყნისთვის სასარგებლო გრძელვადიან პერიოდში. კერძოდ, აღნიშული ინვესტიციის შედეგად საქართველოში განთავსდება კრიპტოვალუტა Bitcoin-ის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო დატა ცენტრი.

როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვასა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში 20 მუდმივი მაღალინტელექტუალური სამუშაო ადგილი შეიქმნა.

„საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ განხორციელებული ეს კონკრეტული ინვესტიცია საქართველოს დაეხმარება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო პოზიციის გაუმჯობესებაში. ასევე, უფრო მიმზიდველს გახდის მას აღნიშნულ სფეროში ინვესტირებით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორთათვის”, - აცხადებენ ფონდში.

Bitcoin-ი ანუ კრიპტოვალუტა, იგივე ელექტრონული ფული, როგორც მას ხშირად უწოდებენ, შექმნის დღიდან 5 წლის თავზე 13 მილიონ ერთეულს აღწევს და მისი ღირებულება 8,5 მილიარდ დოლარს უტოლდება.

2009 წელს კრიპტოვალუტის ალგორითმი სატოში ნაკამოტომ შექმნა. ის ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელში Bitcoin-ზე მოთხოვნა ასე გაიზრდებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ დღეს Bitcoin-ის ღირებულება 650 დოლარს აღემატება. რამდენადაც მიმზიდველი და რისკიანია საინვესტიციოდ, იმდენად რთულია Bitcoin -ების მოპოვება. ამას ისიც მოწმობს, რომ ეს პროცესი სამთო ნედლეულის მოპოვებასთან გააიგივეს და Bitcoin „მაინინგი“ უწოდეს.

ადამიანებმა და კომპანიებმა ბოლო 5 წლის მანძილზე Bitcoin-ების მოპოვებასა და კრიპტოვალუტით ვაჭრობა აქტიურად დაიწყეს. მომხმარებლებს კომპიუტერზე აქვთ Bitcoin-ის „საფულე". საფულე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ყოველი გადარიცხვის დროს ახალი „მისამართი", იგივე ანგარიში შექმნას. „მისამართი" 33-სიმბოლოიანი კოდია. Bitcoin-ის შეძენა Bitcoin „მაინინგის“ ან ჩვეულებრივი ვალუტის Bitcoin-ზე სპეციალური ვებ-გვერდების საშუალებით, Pay2bt, Coinbase ან bitcoin-24-ით გადაცვლით არის შესაძლებელი. ყიდვის შემდეგ მომხმარებლის ერთ ან რამდენიმე მისამართზე Bitcoin-ის გარკვეული რაოდენობა ირიცხება.

გადარიცხვისთვის ერთი მომხმარებელი ქმნის ახალ მისამართს, რომელსაც აწვდის მეორე მომხმარებელს. გადარიცხვისას მომხმარებლის საფულე ქმნის ორ „გასაღებს" – საჯაროს და კერძოს. კერძო გასაღები ადასტურებს, რომ გადარიცხვა სწორედ ამ მომხმარებლის ბიტკოინის საფულიდან ხდება. საჯარო გასაღების საშუალებით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაადასტუროს, რომ გადარიცხვა მართლაც ხორციელდება.

გორში კრიპტოვალუტის საპროცესინგო ცენტრის მშენებლობას ექსპერტების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. როგორც BPN-თან საუბრში ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მას პროექტის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს.

„საინტერსოა, ინოვაციურია და ახალი ტექნოლოგიაა, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიური განწყობა მაქვს. რომ გითხრათ, ეკონომიკა ამის გამო სასწაულებრივად გაიზრდება - რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ პროექტმა შეიძლება ბიძგი მისცეს სხვა მსგავსი ტიპის ინვესტორებს, რომ აქ განათავსონ თავისი ბაზები, ლოჯისტიკური ცენტრები და ა.შ. თავისთავად პოზიტიურია ცალსახად ერთი ის, რომ ინვესტირება ხდება და მეორე ის, რომ ბევრისთვის არის საჩვენებელი,“- განაცხადა ლექვინაძემ.

ამ პროექტის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. „ეს ფანტაზიის სფეროა ამ ეტაპზე და მგონია, რომ ამ პროექტს განხორციელება არ უწერია,“- ამბობს ის.

თანაინვესტირების ფონდში კი ამბობენ, რომ საერთაშორისო მასშტაბით, Bitcoin-ის მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფად მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში განთავსებულ დატა ცენტრს საპროცესინგო მომსახურების მიწოდების კუთხით დიდი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად , Bitcoin-ის ინდუსტრიის განვითარებისთვის.

გიორგი მუშკუდიანი