Dunkin Donuts-ი სახელს იცვლის

ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin Donuts-ი სახელწოდებას იცვლის.

კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი საფირმო პროდუქტის Donuts-ის (ფუნთუშა) სახელი დასახელებიდან ამოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვიზიტორები საუბრისას რესტორნის სახელწოდებას ამცირებენ და მას არა Dunkin Donuts, არამედ მხოლოდ Dunkin-ს უწოდებენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება.

პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ რებრენდინგი საშუალებას მისცემს კომპანიას გაიმყაროს თავისი პოზიციები ყავის ბაზარზე და დაეხმაროს სარესტორნო ქსელს, გაუწიოს აქტიური კონკურენცია სხვა ბრენდის ყავახანებს. კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დონატების წარმოებას არ შეწყვეტენ და მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად შესთავაზებენ.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სახელწოდების შეცვლის შედეგად ლოგოს მცირე ცვლილებები შეეხება, ტრადიციული შრიფტი, ისევე როგორც ვარდისფერი და ფორთოხლის ფერები, რომელიც ბრენდის ლოგოზე 1973 წელს გამოჩნდა, უცვლელი დარჩება.

ამერიკული სარესტორნო ქსელი Dunkin Donuts-ი 1950 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე მსოფლიოს 36 ქვეყანაში ბრენდის 12 000 რესტორანი ფუნქციონირებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ Dunkin Donuts-ის 19 რესტორანი ფუნქციონირებს, პირველი რესტორანი კი 2014 წელს გაიხსნა.

ლიკა ამირაშვილი