დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოითხოვს, რომ უზნაძის ქუჩაზე აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დასრულდეს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონტრაქტორმა კომპანიამ დაიწყო სამუშაოები, თუმცა შემდეგ მიატოვა და დღეს უზნაძის ქუჩა გადათხრილია. კალაძემ მოადგილეს დაავალა, მერიაში დაიბარონ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები, რათა დროულად დასრულდეს სამუშაოები.
„როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ისე პირადად ჩემთვის, მსგავსი ფაქტები და გამოვლენილი უპასუხისმგებლობა სრულებით მიუღებელია. მგონია რომ ასეტი კომპანიები საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ მსგავს პროექტებში . დაიბარეთ და რაც შეიძლება სწერაფად დაამთავრონ ეს პროექტი და გააშავეთ, გააწითლეთ თუ რაც ქვია,“-აღნიშნა კალაძემ.
კომპანია, რომელმაც დედაქალაქის მერიის მიერ მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ამხანაგობა „კავთაა“. კომპანიას ჩუღურეთის რაიონში, დიმიტრი უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 484 100 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შესყიდვაზე წინადადებები - შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“, „ენსისმა“, „ჯეუ გრუპმა“ და შპს „ერ ტე დემაც“ წარადგინეს, თუმცა ხელშეკრულება გაუფორმდა ამახანაგობა „კავთას“, რომლის მიერაც ყველაზე ნაკლები თანხა იყო შეთავაზებული. კერძოდ, ქუჩის რეაბილიტაციისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 1 987 280.99 ლარი იყო.
მეწარმეთა რეესტრში კომპანიის შესახებ მონაცემები არ იძებნება, თუმცა, როგორც გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა, ამხანაგობა სოფელ საგურამოში მდებარეობს, მისი თავმჯდომარე კი მურთაზ მეურმიშვილია.
ცნობისთვის, როგორც კალაძემ აღნიშნა, უზნაძის ქუჩაზე რეაბილიტაციაზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კერძოდ, სამუშაოების წარმოების გრაფიკის ჩამორჩენის გამო, „კავთა“ რამდენჯერმე დაჯარიმდა კიდეც.