"ტაქსის შეღებვასთან, ტექპასპორტის შეცვლასთან დაკავშირებული გადასახადები მძღოლის წლიურ ხარჯებში აისახება, რაც მგზავრობის ტარიფს გაზრდის"

ტაქსის შეღებვასთან, შემდგომ პროცედურებთან და მათ შორის ტექპასპორტის შეცვლასთან დაკავშირებული გადასახადები მძღოლის წლიურ ხარჯებში აისახება, ყველა მძღოლი გაზრდის მგზავრობის ტარიფს,- ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტაქსებთან დაკავშირებით მერიის მიდგომა ვერაფერს შეცვლის გარდა მომსახურების ფასის გაზრდისა. ვასო ურუშაძის თქმით, ტაქსის ფერის ცვლილებას არანაირი კავშირი აქვს არც უსაფრთხოებასთან და არც ეკოლოგიასთან.

„მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება არის ძალიან დიდი სისულელე, რომელიც ვერაფერს შეცვლის ბაზარზე, გარდა ტაქსის ღირებულებისა. ავტომობილის შეღებვასთან და შემდგომ პროცედურებთან (დოკუმენტაციის განახლება, პასპორტის შეცვლა) დაკავშირებული გადასახადები აისახება ტაქსის მძღოლის, ინდივიდუალური მეწარმის წლიურ ხარჯებში. ამას ემატება საწვავი, ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯი, სხვადასხვა მომსახურებები, რა თქმა უნდა, ყველა მძღოლი გაზრდის გადაადგილების ტარიფს. რეალურად შედეგი იქნება ის, რომ მივიღებთ გაძვირებულ და არა გაუმჯობესებულ სერვისს, როგორც ამას თბილისის მერი გვპირდებოდა. საუბარი იყო უსაფრთხოებაზე, ეკოლოგიაზე. ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ფერის ცვლილება არ არის დაკავშირებული არც უსაფრთხოებასთან, არც ეკოლოგიასთან და არც ჰიგიენურ სტანდარტებთან. კიდევ ერთხელ ეშლება თბილისის მერს, რომ სფეროს განვითარება რეგულაციებით არ ხდება. ამისთვის საჭიროა წამახალისებელი პოლიტიკის შემუშავება. სერვისის განვითარებას სჭრიდება ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და ამ სფეროში დამატებითი ინვესტიციების განხორციელება“, - განაცხადა ურუშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს თეთრი ფერის მანქანებით მოძრაობის ვალდებულება ექნებათ.