"დედაქალაქში მტვრის რაოდენობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დასაშვებ ნორმას აღემატება"

დედაქალაქში მტვრის რაოდენობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დასაშვებ ნორმას აღემატება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის სპეციალისტმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა.

სპეციალისტმა გარემოს დაცვის კომიტეტს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მოკვლევის შედეგები წარუდგინა.

"საპარლამენტო მოკვლევის ფარგლებში გაკეთდა საპილოტე მოკვლევა, სადაც 7 ლოკაციაზე განისაზღვრა გამონაბოლქვთან დაკავშირებული დამაბინძურებლები, ჯამური მტვერი და მტვერში შემავალი მცირე ნაწილაკები. კვლევამ აჩვენა, რომ გამონაბოლქვთან დაკავშირებული ნახშიროჟანგი და აზოტის დიოქსიდი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს აჭარბებს პიკის საათებში, ხოლო მტვერთან დაკავშირებით უფრო ცუდი შედეგები გვაქვს. მომატებულია დასაშვებ ნორმაზე მეტად მტვრის შემცველობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, განსაკუთრებით სამშენებლო მოედნებსა და სატრანსპორტო კვანძებში. გვაქვს რეკომენდაციები ქალაქში ატმოსფერულ ჰაერზე მოქმედ ბუნებრივ ფაქტორებთან დაკავშირებით",- განაცხადა სულხანიშვილმა.

მისი თქმით, გამოიკვეთა მშენებლობა, გამოიკვეთა ღია გრუნტი, საიდანაც ხდება მტვრის წარმოქმნა.

"რეკომენდაციებია ქალაქის გარშემო არსებული ტერიტორიებიდან შემომავალი მტვრის პრევენციაზე, ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები აჩვენებენ სხვა შედეგებს, ხოლო ავტომობილები, რომლებსაც უყენიათ კატალიზატორები, მათი გამონაბოლქვი ბევრად უფრო ნაკლებია",- აღნიშნა სულხანიშვილმა.