ქუთაისში ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქრო დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ი/ მ "ანა ზახაროვას" ლიმონათის ჩამოსასხმელ საამქროში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.

საწარმოს დახურვის საფუძველი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევა, გაუმართავი სავენტილაციო სისტემა, აღჭურვილობებისა და მოწყობილობების გამოყენება დეზინფექციის გარეშე და სხვა დარღვევები გახდა.

გარდა ამისა, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ლიმონათის ერთ ნიმუშში, კერძოდ, ლიმონათი "ბამბოო" ფეიხოას - მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება. ი/მ "ანა ზახაროვას" ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქრო დაიხურა და 1000 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს ჩოხატაურში მდებარე ი/მ "ივანე კალანდაძის" სურსათის სარეალიზაციო ობიექტი, რომელიც ჩოხატაურის საბავშვო ბაღებს ხორცით, ბოსტნეულითა და სხვა სასურსათო პროდუქტებით ამარაგებდა.

მიმდინარე წელს ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიეცა საშუალება, წინა წელთან შედარებით, 300 %-ით გაზარდოს ინსპექტირების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას.