აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა.
საქმე ეხება მასკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელმაც, როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, აქციონერების დაბნეულობა გამოიწვია. მაშინ მასკმა გამოაცხადა, რომ აპირებდა კომპანიის აქციების სრულად ამოსყიდვას და მის კერძო დახურულ კომპანიად გადაქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
სარჩელი შეტანილია მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. ფედერალური კომისია ბრალს დებს მასკს, რომ მან არც კი გააფრთხილა და განიხილა აღნიშნული საკითხი პარტნიორებთან. როგორც გამოცემა დასძენს, აშშ-ს კანონმდებლობა კრძალავს კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ ცრუ განცხადებების კეთებას, რამაც შესაძლოა დაბნეულობა გამოიწვიოს ინვესტორებში.
მანამდე კი თავად კომპანიამ დაადასტურა, რომ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ამ საქმეზე ძიება. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან.
შეგახსენებთ, ილონ მასკმა კომპანიის აქციების ამოსყიდვის შესახებ „ტვიტერზე“ ინფორმაცია აგვისტოში დაწერა. ის წერდა, რომ თითო აქციაში 420 დოლარს გადაიხდიდა, ვინაიდან ღია საფონდო ბირჟაზე კომპანიის ყოფნა მასზე წნეხს ახდენდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უშლიდა განვითარებაში. უკვე აგვისტოს ბოლოს კი მან განაცხადა, რომ Tesla დარჩებოდა და განაგრძობდა ღია ტიპის საააქციო კომპანიად ყოფნას და უარი განაცხადა აქციების ამოსყიდვაზე.
კოკა კვირკველია