ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 600 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საინვესტიციო ბანკი ავრცელებს.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დათანხმდა გაეცა 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხი თიბისი ბანკისთვის (საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი), მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელიც ქვეყანაში აქტიური კომპანიების 90% -ზე მეტს წარმოადგენს, ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით. ევროპის საინვესტიციო ბანკის სახსრები გამოიყოფა ევროკავშირის "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). სესხი პოტენციურად სარგებლობას მოუტანს საქართველოს 600-მდე მცირე და საშუალო საწარმოს“,-ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის წყალობით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გააუმჯობესებენ თავიანთ წვდომას გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებზე, რაც მათი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წინაპირობაა. "თიბისი ბანკისთვის" ჩვენი მეოთხე სესხი ფინანსებზე უკეთესი წვდომის საშუალებით პოტენციურად დაახლოებით 600 მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას დაეხმარება. იმედი გვაქვს, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის ზოგად განვითარებას",- განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა.
"ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, თიბისი ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ასეთი წარმატებული ურთიერთობით. ეს უკვე მეოთხე ტრანსაქციაა, რომელიც 2012 წელს ჩვენი პარტნიორობის დაწყების შემდეგ წარმატებით განვახორციელეთ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენმა ორგანიზაციებმა ნამდვილი ეფექტური ურთიერთობები დაამყარა. ეს შესაძლებლობა დაეხმარება თიბისი ბანკს, გააძლიეროს თავისი წამყვანი პოზიცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში", - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეოთხე ოპერაცია „თიბისი ბანკთან“ და ამ ქართულ ინსტიტუტთან ევროკავშირის ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება. 2011 წლიდან თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების თანხებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 85 მილიონი ევრო გახადა ხელმისაწვდომი.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი შეიძლება გაერთიანდეს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სასესხო პორტფელის გარანტიებთან, რომლებიც შარშან გაგრძელდა „თიბისი ბანკთან“ ორი ინსტრუმენტის საშუალებით და ასევე ხელი შეეწყო "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის მიერ: „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin)“ პორტფელის გარანტია, რომელიც ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებდა და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) ინიციატივის აღმოსავლეთის პორტფელის გარანტია, რომელმაც მცირე ბიზნესებს დამატებითი დაფინანსების საშუალება მისცა. მთავარი ამოცანაა თიბისი ბანკს მიეცეს საშუალება გაზარდოს დაფინანსება შეღავათიანი პირობებით მცირე და საშუალო კომპანიების უფრო ფართო ჯგუფებისთვის, რომელთაც სხვაგვარად ბანკის სესხებზე შეზღუდული წვდომა ექნებოდა.
ამ ოპერაციებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააერთიანა ძალისხმევა ევროკავშირთან ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად იმ ქვეყნებში, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა - კერძოდ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - ამ სამი ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ბიზნესებისთვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებით“, - ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციაში.