სამინისტროების მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით, წელს მინისტრის ყოველთვიური სარგო 6 250 ლარის ოდენობით განისაზღვრა

IDFI-ის ინფორმაციით, 2018 წელს სამინისტროების მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხების მიხედვით, ყველა მინისტრის ყოველთვიური სარგო 6 250 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მინისტრის ანაზღაურება წინა წლებთან შედარებით კვლავ უცვლელი დარჩა, თუმცა, ახალი კანონის პირობებში პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის აკრძალვის პირობებში, მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს სახით გაიცემა.

როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრისგან განსხვავებით, ახალი კანონის პირობებშიც კვლავ განსხვავებული მდგომარეობაა მინისტრის მოადგილეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებულების შემთხვევაში.

„თანაბარი ზედა ზღვრის კოეფიციენტის პირობებში, სხვადასხვა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ყოველთვიური სარგო 4 650 ლარიდან 7 500 ლარამდე მერყეობს. შედეგად, კვლავ ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მინისტრის მოადგილის ანაზღაურება აღემატება მინისტრის ანაზღაურებას.

მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში, რომელთა მინისტრის პირველი მოადგილის ანაზღაურება 6 400-დან 7500-მდე მერყეობს და, შესაბამისად, აღემატება მინისტრისათვის განსაზღვრულ 6 250 ლარის ოდენობის სარგოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.