გიორგი კვირიკაშვილი დორით სალისს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს შვეიცარიის დელეგაციას საქართველოს საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები გააცნო.

დელეგაციას შვეიცარიის სავაჭრო პალატის მმართველი დირექტორი დორით სალისი ხელმძღვანელობდა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ქეთევან ბოჭორიშვილი და მიხეილ ჯანელიძე, ასევე შვეიცარის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი.

სამინისტროს ინფორმაციით, როგორც შვეიცარულმა მხარემ შეხვედრაზე აღნიშნა, მათ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ, ინვესტიციები განახორციელონ სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის მომავალ ურთიერთობებზე და იმ პერსპექტივებზე, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში სარგებელს მოუტანს ქართული და ევროპული ბიზნეს-კომპანიების ურთიერთთანამშრომლობას.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს ხანში დაიგეგმება საინვესტიციო ფორუმი, რომელიც შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში გაიმართება.