საუდის არაბეთი განაგრძობს ნავთობის მოპოვების ზრდას, რათა ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ნავთობის ფასის სტაბილიზებას შეუწყოს ხელი.ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბეირმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„საუდის არაბეთი მოწოდებულია დააბალანსოს სანავთობო ბაზარი და ფასები შეინარჩუნოს ზომიერების ფარგლებში“, - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ ნავთობზე მოთხოვნა აუცილებლად გაიზრდება იმ ფონზე, როცა ირანიდან ნავთობის ექსპორტი შემცირდება.
„ჩვენ გავზრდით მოპოვებას, რათა ხელი შევუწყოთ ფასების სტაბილიზაციას ნავთობზე. ასეთი იყო ჩვენი პოლიტიკა ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში და ასეთად დარჩება“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, მისთვის დონალდ ტრამპის გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, რომელიც ოპეკის კრიტიკას შეეხებოდა, მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან ამჟამინდელ ადმინისტრაციას ოპეკი აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია.
კოკა კვირკველია