ტაქსების ლიცენზირებისა და სამეწარმეო პირების რეგისტრაციის გამო, იუსტიციის სახლი დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე იმუშავებს.ამის შესახებ იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს იუსტიციის სახლში ხალხის ჩვეულზე დიდი ნაკადია.
„დღეს იუსტიციის სახლში ჩვეულზე მეტი ნაკადია, რაც გამოწვეულია ორი მიზეზით. პირველი არის ის, რომ დღეს რეგისტრაციის ვადა იწურება ერთი მხრივ სამეწარმეო რეესტრში იმ პირებისა, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს მთავრობის 381-ე დადგენილებით საშიშ და მავნე პირობებიან საქმიანობებს. დღეს ასევე სრულდება ტაქსის საქმიანობის ლიცენზირების თარიღი, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ არ ექნებათ მათ ლიცენზიის აღების შესაძლებლობა. უბრალოდ, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ლიცენზიის გარეშე ტაქსის საქმიანობის წარმოება შეზღუდულია. სამწუხაროდ, დიდი რაოდენობის მოქალაქეებმა მხოლოდ უკანასკნელ დღეს მოგვმართეს. იუსტიციის სახლი მშვიდად ახორციელებს მოქალაქეების მომსახურების ყველა სერვისის გაცემას. დღეს ვმუშაობთ უკანასკნელ მომხმარებლამდე. 18:00 საათზე კარი არ იკეტება", - განაცხადა აზაურაშვილმა.
ტაქსის მძღოლების ნაწილი დიდი რიგების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებენ, რომ ლიცენზირების უკანასკნელ დღეს მოსვლის მიზეზი არაინფორმირებულობა ან ლიცენზირებისთვის საჭირო თანხის არქონაა.