„ტაქსების რეგისტრაცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება“,- განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, ტაქსების რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობის საფუძველი ვერ იქნება.
„იცით, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის მერეც ჩვეულებრივად გრძელდება, შესაბამისად, იუსტიციის სახლში მოჭარბებული მიმართვიანობა არ და ვერ დაუკავშირდება ტაქსებს. იქ სხვა სერვისებიც გაიცემა, მით უმეტეს იუსტიციის სახლებში რიგები მხოლოდ თბილისში არ არის, ტაქსების რეგისტრაციის სერვისი კი მხოლოდ თბილისს ეხება.
მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ტაქსების რეგისტრაცია პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ და ამ სერვისს ყველა გამგეობაში ისევ თავისუფლად მიიღებენ. რეგისტრაცია ასევე ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ. რეგისტრაციის გარეშე უბრალოდ ვერ იმოძრავებენ ქუჩაში“, - აცხადებს ბექა დავითულიანი. მისი თქმით, დღეს რეგისტრაციის დაახლოებით იგივე რაოდენობა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებში ფიქსირდებოდა. დღეისათვის 9400 ტაქსია რეგისტრირებული.