გაყიდვების მენეჯერი, ოპერატორი და კონსულტანტი - ეს საქართველოს შრომით ბაზარზე მოთხოვნადი ვაკანსიების მცირე ჩამონათვალია.როგორც კომპანიებში აცხადებენ, სხვა პროფესიებზე ვაკანსიების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
hr.ge-ს მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველაზე მეტი განცხადება „გაყიდვების“ კატეგორიაში იდება.
„ბოლო კვარტლის მონაცემებით, განცხადებების 24 პროცენტი სწორედ გაყიდვების კატეგორიაში იდება. ამაში შედის, გაყიდვების მენჯერი, ქოლ-ცენტრის ოპერტორი და ა.შ.
მეორე ადგილზეა - კლიენტთა მომსახურება, ოპერატორები და კონსულტანტები. მესამეზე - ფინანსები და ბუღალტერია. მეოთხე ადგილზე სამედიცინო სფერო. ხუთეულს ამთავრებს სასტუმროები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტების თანამშრომლები.
აღსანიშნავია რომ ზაფხულის პერიოდში სასტუმროები, რესტორნები და კვების მიმართულებები მეორე ადგილზე იყო. სექტემბერში ეს მიმართულება უფრო პასიური გახდა და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა,“ - განაცხადა შახბაზიანმა
პორტალი ss.ge-ის რედაქტორი ლელა არაბული „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ყველაზე ნაკლები ვაკანსია საჯარო სექტორსა და საბანკო სფეროში დასაქმების მიმართულებით ქვეყნდება.
„განცხადებები უფრო მეტად მომსახურების სფეროშია, მრეცხავი, მოლარე-კონსულტანტი, ხელოსანი, ასევე ბუღალტერია და მედიცინა, თუმცა უფრო მეტად სტომატოლოგიისა და ფარმაციის მიმართულებით გვხვდება განცხადებები.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ხშირად დამსაქმებლები განცხადების დადებისას დღიურ ანაზღაურებას უთითებენ. რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროფესიაში ანაზღაურებაც განსხვავებულია, მაგრამ მაგალითად, მომსახურების სფეროს თუ ავიღებთ - 24 საათიანი რეჟიმით მუშაობა 50 ლარი ღირს, 12 საათიან სამუშაოს კი 20-25 ლარად სთავაზობენ,“ - განაცხადა არაბულმა.
მისი თქმით, იშვიათად იდება ვაკანსიები უცხოეთიდან: „თუმცა რამდენად რეალურია ეს, ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ყველაზე ხშირად პოლონეთში ითხოვენ და ანაზღაურება 700-800 ევროა, თუმცა ამავე დროს საცხოვრებლითაც პირდებიან უზრუნველყოფას,“ - განაცხადა არაბულმა.
ლიკა ამირაშვილი