30 სექტემბერს, 08:00-დან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა „თბილისი-მარათონს“ უკავშირდება.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 09:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება: კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.
თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.
მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:
სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.
ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით გააგრძელებენ.
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით გააგრძელებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებს ავლაბრის მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანები კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებენ რეზო თაბუკაშვილის ქუჩისკენ.
უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით.
ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.