საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ბრალდებული სამეწარმეო - კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე ორგანიზებას უწევდა აზარტულ თამაშებს, 2 ბრალდებული ავტორიზაციის და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო 2 მეწარმის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიცენზირების პირობების დარღვევით ინერტული მასალების მოპოვებას.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.