„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, 30 სექტემბერს 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: კრწანისის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე.
მერიის ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება შემდეგნაირად:
ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი კრწანისის მოედანიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდება.
ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.
ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.
ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს.
აეროპორტისკენ მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება.