„საქართველოში ორი კატეგორიის ტაქსი იარსებებს“ - ამის შესახებ, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ძალიან ბევრ ტაქსს დღესაც ქოლცენტრების, აპლიკაციების მეშვეობით გადაჰყავს კლიენტი, ჩვენ ამ მომსახურებას არ შევზღუდავთ. შესაბამისად, შემოვა და იარსებებს ტაქსის ორი კატეგორია - A და B. 1-ლი ანუ A კატეგორიის ტაქსის შემთხვევაში - ავტომობილს ექნება ტაქსის ნიშანი და ვიზუალურად აღქმადი იქნება, ტაქსის სადგომს უფასოდ გამოიყენებს და სხვა რიგი შეღავათებითაც ისარგებლებს; ხოლო მეორე, B კატეგორიის აღების შემთხვევაში - მძღოლს შეეძლება ქოლცენტრიდან მიიღოს ინფორმაცია ან პირადად კლიენტი დაუკავშირდეს (თუნდაც აპლიკაციის მეშვეობით) და ჩვეულებრივ გააგრძელოს ეს საქმიანობა. ამ ტიპის ტაქსებს არც ავტომობილის ფერზე ექნება შეზღუდვა,“- აღნიშნა მუმლაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსების ლიცენზირების გარეშე მოძრაობა იკრძალება და მძღოლები, რომელთაც ლიცენზიის დამადასტურებელი მოწმობა არ ექნებათ, 200 ლარით დაჯარიმდებიან. უკვე 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ტაქსის ვიზუალის ერთიანი სტანდარტი ამოქმედდება, კერძოდ, ტაქსები იქნება თეთრი ფერის, ასევე შეზღუდვა დაწესდება მარჯვენასაჭიან და ორკარიან ტაქსებზე.