ტოქსიკური ქიმიკატებისა და მათი პრეკურსორების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა, განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, ასევე მათი გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება და აღნიშნული ქმედება 5-დან 10-წლამდე ვადით პარტიმრობას ითვალისწინებს. იგივე ქმედება, ჩადენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით, ვადით 8-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტს დეპუტატები ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე წარუდგენენ. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, 1993 წლის 14 იანვარს, საქართველომ ხელი მოაწერა “ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციას“ და აიღო ვალდებულება, რომ ის ძალაში 1997 წლის 29 აპრილს შევიდოდა. კონვენციის მიზანია, აკრძალოს ხელმომწერი ქვეყნების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, მარაგების დაგროვება, მოპოვება, შენახვა, ტრანსფერი და გამოყენება. კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა ვალდებულია მიიღოს ზომები კონვენციის მიზნების შესასრულებლად, რაც ექვემდებარება შემოწმებას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.
“მიუხედავად “ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ ხელმოწერისა და აღებული ვალდებულებისა, საქართველომ დღემდე ვერ მოახდინა მისი რეგულაციების სრული იმპლემენტაცია. შედეგად, ევროპულ სახელმწიფოებს შორის, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარ კანონმდებლობაში სრულფასოვნად არ ასახა კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნები, რაზეც მითითებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წლიურ ანგარიშებში“, - განმარტავენ პროექტის ავტორები.
“სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.