სოფელ იორმუღანლოში გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო

საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, მწარე ხევის საბადოზე დღეიდან გაზის მოპოვება და დისტრიბუცია დაიწყო.

პროექტს ამერიკული კომპანია "ფრონტერა" ახორციელებს. ჭაბურღილიდან მილებში ბუნებრივი აირის პირველად გაშვების პროცესს ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.

მწარე ხევის საბადოზე აღნიშნული პროექტის განხორციელება 2011 წლიდან დაიწყო, თუმცა უშუალოდ გაზის ამოტუმბვა და მილებში ჩაშვება დღეიდან ხორციელდება.

"ესაა ისტორიული მოვლენა. ჩვენ საქართველოში 1997 წლიდან ვმუშაობთ, ძირითადად, კვლევებს ვაწარმოებთ ნავთობისა და გაზის სფეროებში, აღმოვაჩინეთ 42 მილიარდი კუბური მეტრის გაზის საბადო, რომელიც მომავალში საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინაპირობა იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს "ფრონტერას" აღმასრულებელმა სტივ ნიკადროსმა.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც. მისი განცხადებით, დღეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის კუთხით დიდი დღეა.

"ცნობილია, რომ საქართველო არის ენერგოტრანზიტის ქვეყანა, მაგრამ მას აქვს პოტენციურად შესაძლებლობა, რომ გახდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაზის მომპოვებელი სახელმწიფოც, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგომოთხოვნების დამოუკიდებლობას, ეს ასევე საშუალებას მისცემს ქვეყანას ბუნებრივი აირი ექსპორტზეც კი გაიტანოს, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სფეროში", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ფრონტერა" საქართველოში 1997 წლიდან მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მას 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.