დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს არაკომეციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 101,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს 3,0 პროცენტით აღემატება.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგზე (25,5 პროცენტი), აგრეთვე, განათლების (24,8 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (21,5 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა (11,1 პროცენტი) და სხვა სახის მომსახურების გაწევის (10,8 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე.
ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 2,6-ჯერაა გაზრდილი ტრანსპორტირება და დასაწყობების დარგში, 2,4-ჯერ მშენებლობაში, 2,2-ჯერ - ინფორმაცია და კომუნიკაციის დარგში, 22,3 პროცენტით ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგში, 13,4 პროცენტით განათლებაში და 10,6 პროცენტით პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგში.
პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2017 წელს 973,1 მლნ ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4,4 პროცენტით). პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა სხვა სახის მომსახურების (27,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (24,9 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (17,4 პროცენტი), განათლების (11,8 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (10,3 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები,“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
„საქსტატის“ ცნობით, არაკომერციული ორგანიზაციები საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.
არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.