შსს-მ თაღლითური დაჯგუფების 10 წევრი დააკავა

სამართალდამცავებმა თაღლითური დაჯგუფების 10 წევრი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი სქემა გაშიფრეს, რის შედეგადაც თბილისსა და ზესტაფონში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარ ავტომობილებს მოიძიებდნენ, თითქოსდა მათი შეკეთების მიზნით, შემდეგ მათ საკუთარ სახელზე არეგისტრირებდნენ. აღნიშნული ავტომანქანების "ვინკოდები" და სახელმწიფო სანომრე ნიშნები იგივე მარკისა და ფერის, ექსპლუატაციისთვის ვარგის სხვა ავტომანქანებზე თაღლითურად გადაჰქონდათ, რის შემდეგაც გაყალბებულ "ვინკოდიან" ავტომანქანებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ბანკებში გირავნობით ტვირთავდნენ, რითიც ამ ორგანიზაციებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს.

სამართალდამცველებმა ფული, ყალბი "ვინკოდები" და სახელმწიფო სანომრე ნიშნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).