მამუკა ბახტაძე - „ომეგა ჯგუფის“ მიმართ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება

„ომეგა ჯგუფის“ მიმართ სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა, 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კეთილგანწყობაზე, თუმცაღა, როგორ დააგროვა ორგანიზაციამ ეს დავალიანება, აქ შეიძლება ობიექტური კითხვის ნიშნები გაჩნდეს და აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვის ნიშნებს პასუხი.

„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ. როდესაც ფინანსთა მინისტრი ვიყავი არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩემთვის მთავარი ფასეულობა გახლავთ დამსაქმებელი. ყველა ადამიანი, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის, იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, როდესაც მოდის ორგანიზაცია და ამბობს, რომ მას სურს ამ საქმიანობის გაგრძელება, მას სურს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხელისუფლება მას გვერდში უნდა დაუდგეს. მე როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა დავალიანება, შესაბამისად, ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა და 11-ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, კეთილგანწყობაზე. თუმცაღა, როგორ დააგროვა ორგანიზაციამ ეს დავალიანება, აქ შეიძლება ობიექტური კითხვის ნიშნები გაჩნდეს და აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვის ნიშნებს პასუხი. ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი ზოგადად ბიზნესის მიმართ განწყობის, როგორი მეგობრული და ყოველთვის მაღალი მხარდაჭერები ვართ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელის მიმართ, მითუმეტეს, როცა სამუშაო ადგილებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ბახტაძემ.